რა დამიჯდება რემონტი?

. 1 min read

ნებისმიერ ბინას ან სახლს სჭირდება გარემონტება პერიოდულად. არ აქვს მნიშვნელობა მას საცხოვრებლად იყენებთ, თუ გასაყიდად ამზადებთ - ორივე შემთხვევაში მიზანშეწონილია რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებული სახლის განახლება. თუმცა, საცხოვრებლის სრული რემონტი ხშირად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ასეთ შემთხვევაში კი აუცილებელია მათი გამოთვლა და ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრა. შესაძლებელია თუ არა რემონტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა არსებული ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად, და როგორ?

განსაზღვრე რემონტის მასშტაბი

remontis proeqti

რემონტის ხარჯების წინასწარ გამოსათვლელად, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს სარემონტო სამუშაოების ტიპი და მასშტაბი. სარემონტო სამუშაოების 3 ტიპი გულისხმობს შემდეგს:

  • საბაზისო რემონტი (45₾-დან): მოიცავს მცირე მასშტაბის ისეთ სარემონტო სამუშაოებს, როგორებიცაა კედლების შეღებვა ან კარადების განახლება. ხარჯი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რის გარემონტებას აპირებთ. თუკი კედლების შეღებვა თავად გადაწყვიტეთ, მაშინ ეს მხოლოდ საღებავის ღირებულება დაგიჯდებათ. დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული ამ სამუშაოს შესასრულებლად სხვისი დაქირავება, ან ავეჯის გამოცვლა.
  • კოსმეტიკური რემონტი (საშუალო ფასი = 160₾/1 კვ. მ.): ე.წ. თეთრი კარკასის რემონტი მოიცავს სარემონტო სამუშაოებს, რომელიც იწყება შავი კარკასის დასრულების შემდეგ. ასეთ სამუშაოებში იგულისხმება ყველანაირი ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაყენება, კედლების შეღებვა, შპალერის გაკვრა, იატაკის დაგება და სხვ.
  • სრული რემონტი (საშუალო ფასი = 340₾/1 კვ. მ.): სრული რემონტი გულისხმობს სრულ სარემონტო სამუშაოებს შავი კარკასიდან რემონტის დასრულებამდე. გულისხმობს კედლების, ჭერისა და იატაკის სრულ რემონტს, კარ-ფანჯრების დაყენებას, წყალგაყვანილობისა და ელექტროგაყვანილობის მონტაჟს. შეიძლება ითქვას, რომ რემონტი იწყება კედლებს შიგნით, რის დასრულების შემდეგაც გრძელდება კოსმეტიკური სამუშაოები. შესაბამისად, სრულ, ანუ კაპიტალურ რემონტში შედის შავი კარკასისა და თეთრი კარკასის სამუშაოები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები მოცემულია მიახლოებით: ხარჯი შესაძლოა მეტი იყოს იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ძვირადღირებული ავეჯის შეძენა, ან ისეთი მუშის დაქირავება, რომელიც ჩვეულებრივზე მაღალ ანაზღაურებას ითხოვს.  

რემონტის ყველაზე ხარჯტევადი მხარეები

biujeti remontistvis

სარემონტო სამუშაოების ზოგიერთი მხარე და დეტალი მეტ ხარჯს მოითხოვს ვიდრე სხვა. ამ მხრივ, რემონტისას აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ფანჯრები: რემონტისათვის საჭირო ფინანსების გამოთვლისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ფანჯარა ძალიან ძველი, ან გატეხილია, მისი ახლით გამოცვლა ერთადერთი გამოსავალია.
  • კარებები: კარების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალისგანაა იგი. გაითვალისწინეთ, რომ კარებები თქვენი გემოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისად უნდა შეარჩიოთ.
  • იატაკი: იატაკის სრულად შეცვლა ყოველთვის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, თუ რა მასალის დაგება გსურთ (მაგ. ლამინატის, მეტლახის, თუ პარკეტის).
  • სამზარეულო ტექნიკა: იგულისხმება სამზარეულოსათვის საჭირო ისეთი ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორებიცაა მაცივარი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ასევე, როგორც წესი, სამზარეულოს განახლებისას საჭიროა წყალგაყვანილობის გადაკეთება და მოწყობაც.
  • აბაზანა: აბაზანისა და ტუალეტის მოწყობისას ახალი საშხაპე, ან ახალი უნიტაზი მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მსგავსი პროდუქტების შეძენამდე, გირჩევთ ეწვიოთ რამდენიმე სხვადასხვა მაღაზიას.
  • მუშახელი: ზოგისთვის მოულოდნელია, თუმცა, რემონტის ხარჯების ეს ნაწილიც შეიძლება დიდი იყოს. უმჯობესია, განიხილოთ რამდენიმე სხვადასხვა შემოთავაზება, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტად ძვირი სერვისი.

წაიკითხე მეტი იმის შესახებ, თუ როგორ დავზოგოთ ფული რემონტის გაკეთებისას.